კორონავირუსის პანდემიამ გასულ წელს 1,7 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ლოკდაუნი გამოიწვია; წლის ბოლოს მსოფლიო სიხარულით შეეგება ვაქცინებს, რომლებმაც პანდემიის დასრულების იმედი გააჩინა.
მსოფლიო მასშტაბით ვაქცინების უსაფრთხოებაში ბევრ ადამიანს შეაქვს ეჭვი, სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Metafact-მა ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ ჰკითხა იმუნოლოგიის, ბიოსტატისტიკისა და ვაქცინოლოგიის 14 ექსპერტს.
COVID-19-ის რომელი ვაქცინები დამტკიცდა?
სხვადასხვა ქვეყნის მიერ ამჟამად მხოლოდ სამი ვაქცინაა დამტკიცებული : Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი - ‘BNT162b2, Moderna-ს ვაქცინა - mRNA-1273 და ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა.
როგორ ხდება ვაქცინის დამტკიცება?
ვაქცინები, ისევე როგორც სხვა პრეპარატები, მოხმარებისათვის აკრძალულია იქამდე, ვიდრე მათ ქვეყანა არ დაამტკიცებს. ამ პროცესს თითოეულ ქვეყანაში ან ქვეყნების ჯგუფში დამოუკიდებელი სააგენტო წარმართავს.
იმისათვის, რათა ამ სააგენტოებმა რაიმე დაამტკიცონ, მათ უნდა აჩვენონ, რომ არის 1) უსაფრთხო და 2) ასრულებს იმას, რისთვისაც არის განკუთვნილი.
ყველა პრეპარატი, მათ შორის ვაქცინებიც, კლინიკური ცდების სამ ფაზას გადის:
I ფაზა - ვაქცინის უსაფრთხოებას და შესაფერის დოზას მოხალისეთა მცირე ჯგუფზე (20-80 ადამიანი) ამოწმებს.
II ფაზა - არკვევს, რამდენად მოქმედებს ვაქცინა; ამისათვის, 100-300 მოხალისეს ორ ჯგუფად ჰყოფს, ერთ ჯგუფს ვაქცინას უკეთებს, მეორეს კი პლაცებოს (კონკრეტული ინფექციისადმი უსარგებლო, უეფექტო ნივთიერებას).
III ფაზა - ათასობით მოხალისეს ორ ჯგუფად ჰყოფენ, შემთხვევითობის პრინციპით ერთს ვაქცინას უკეთებენ, მეორეს კი პლაცებოს. არც მოხალისეებმა და არც ექიმებმა არაფერი იციან იმის შესახებ, რომელი მოხალისე რომელ ჯგუფშია; მოწმდება ვაქცინის მოქმედება და გვერდითი ეფექტები.
რამდენად უსაფრთხოა ვაქცინები?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია PATH-ის წარმომადგენელი, დოქტორი უილიამ ჰაუსდორფი განმარტავს, რომ ყველა დისკუსია ვაქცინათა უსაფრთხოების შესახებ, უნდა დაიწყოს დისკუსიით იმის შესახებ, რამდენად სერიოზული და ხშირია ის დაავადება, რომლის პრევენციას ან მკურნალობასაც ცდილობთ.
„თუ დაავადება უმნიშვნელოა, შეიძლება, უბრალო გვერდითი ეფექტებიც არ ღირდეს ამად. მაგრამ თუ დაავადება სერიოზულია, მაშინ ადამიანები გაცილებით დიდ პოტენციურ გვერდით ეფექტებსაც უნდა დათანხმდნენ“, - ამბობს ჰაუსდორფი.
და ბოლოს,
თოთხმეტივე ექსპერტი ეთანხმება სამეცნიერო კონსენსუსს, რომ მარეგულირებელ სააგენტოთა მიერ დამტკიცებული COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ნებისმიერი სხვა ვაქცინა ან პრეპარატი.