Nord Stream-ის სრულად გათიშვის ფონზე, ევროპაში, გაზზე საბირჟო ფასები რეკორდულად გაიზარდა.
დღეს დილით, ვაჭრობის გახსნისას ოქტომბრის ფიუჩერსებზე 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა $2853 შეადგინა, (ზრდა €279) რაც აქამდე არსებულ ფასზე 30%-ით მეტია.
ამასთან, 2 სექტემბერს საბირჟი ვაჭრობა (1000 კუბურ მეტრ გაზზე) $2213 ნიშნულზე დაიხურა.
რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.
რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის.
ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს.
ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ. ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა დაამშვიდოს არასტაბილური ბაზარი და დაიცვას ხალხი მაღალი ფასებისგან.