5 სექტემბერს IAEA-ს ინსპექტირების ჯგუფის ექვსი წარმომადგენლიდან ოთხმა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობა დაასრულა. მოსალოდნელია, რომ ობიექტზე ორი ექსპერტი დარჩება. ინფორმაციას „ენერგოატომი“ ავრცელებს.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 12-კაციანი ჯგუფიდან, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ექვსი ექსპერტი დარჩა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიზიტის შედეგები პარასკევს საღამოს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, ვენის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.
რაფაელ გროსის თქმით, უკრაინული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს ორი ექსპერტი მუდმივად დარჩება.
როგორც ცნობილია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით უკრაინაში პირველ სექტემბერს ჩავიდა. ZNPP, ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური, რუსმა სამხედროებმა 4 მარტს დაიკავეს.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მას შემდეგ ოკუპანტებმა სადგურის ადგილზე სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა განათავსეს, ასევე, დაბომბეს მიმდებარე ტერიტორია.
გაერომ, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს სამხედრო ტექნიკა და პერსონალი ბირთვული ობიექტიდან.
უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.