აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხალხის სოლიდარობის აუცილებლობაზე საუბრობს. კარა მაკდონალდსის თქმით, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მისწრაფებებს შეერთებული შტატები მხარს უჭერს და მზადაა დახმარევის გასაწევად, თუმცა აუცილებელია ქვეყნის შიგნით ერთიანობა.
„ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე საკითხის ხაზგასმა. ერთი საკითხია, საქართველოს ხალხის სოლიდარობა მის ურყევ გეზში ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვემხრობით ამას. ამაში ჩვენ პარტნიორები ვართ და მზად ვართ, ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა.
ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს, ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება. ასევე მინდა ვახსენო და ნამდვილად შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში.
ამ ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს ლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს.
ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება.
არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდეგით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის“, - განუცხადა მაკდოალდმა ჟურნალისტებს.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს დიდი მეგობარია. კარა მაკდონალდის თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას.
„საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ISFED-სა და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი აქ ყოფნით. იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ძალიან შეგვტკივა გული, მაგრამ შეუძლებელია, ჩვენ ეს თქვენზე მეტად გვინდოდეს.
ჩვენ გვერდში გიდგავართ და მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ“, - განაცხადა კარა მაკდონალდმა.
მისივე თქმით, პუტინმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა. ის არ მოელოდა უკრაინელი ხალხის ასეთ სიმამაცეს და ის არ მოელოდა ერთიანობას, არამხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან.
„ზუსტად ეს არის გამარჯვების სტრატეგია: არ დაგავიწყდეთ ხალხის ძალა, რომელიც თავისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის“, - აცხადებს კარა მაკდონალდი.