Europetime-თან ექსკლუზიურად, NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა ისაუბრა უკრაინაში ომსა და მის გავლენებზე საქართველოზე. ამერიკელ დიპლომატს ასევე ვკითხეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ეროვნული წინააღმდეგობის კონცეფციის შემუშავებასა და საქართველოსთან მსგავსი იდეის თანხვედრის საკითხზე.
კურტ ვოლკერმა თავდაპირველად უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ უნდა მოემზადოს საქართველო ყველა სცენარისთვის, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გათვალისწინებით. ამერიკელი დიპლომატი არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს მხრიდან დასავლეთთან კავშირების გაძლიერებას და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის ნაბიჯების გადადგმას.
„თუ ყველა სცენარს ვიგულისხმებთ და წარმოვიდგენთ იმასაც, რომ რუსეთი სიტუაციით ისარგებლებს და საქართველოს წინააღმდეგაც გააფართოებს ომს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, ყველა მზად უნდა იყოს, თუმცა მე ნამდვილად არაფერს ველოდები. რუსეთს ძალიან უჭირს უკრაინულ ძალებთან (გამკლავება. რედ), მაგრამ მზადყოფნა ყოველთვის კარგია.
ვფიქრობ, მეორე სცენარი, უკრაინაში რუსეთის წაგებაა, რაც გავლენას მოახდენს რუსეთის შიგნით - როდესაც რუსეთი არ არის სტაბილური, არ არის პროგნოზირებადი და აქვს რამდენიმე შიდა გამოწვევა ომში წაგების შედეგად. რაც შეეხება საქართველოს, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან“, - ამბობს კურტ ვოლკერი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, ლიეტუვის პარლამენტმა სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი სტრატეგია მიიღო, მსგავსი კონცეფციის განხილვა საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიერ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა. ამ შეკითხვის საპასუხოდ, კურტ ვოლკერმა Europetime-თან აღნიშნა, რომ ლიეტუვა NATO-ს წევრია, რაც მას უფლებას აძლევს, ალიანსის მხარდაჭერას იმედი ჰქონდეს.
„ალბათ, თან კი და თან არა. წინააღმდეგობის, ასევე, ტერიტორიული თავდაცვის შესახებ კონცეფცია კარგი იდეაა. პირველ რიგში, ლიეტუვა NATO-ს წევრია. მას სრული უფლება აქვს, NATO-ს მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
ის უსაფრთხოების გარემოს ნაწილია. საქართველოს შემთხვევას რაც შეეხება, საქართველოს ჯერ ვერ სარგებლობს NATO-ს წევრობით, ამიტომ, უნდა გააკეთოს ის, რაც სჭირდება ევროკავშირში მოსახვედრად და გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა ალიანსში გასაწევრიანებლად. იხსნება ფანჯარა, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა ღია საქართველოსთვის, ამიტომ, ამ შესაძლებლობით უნდა ისარგებლოთ“, - განუცხადა NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა Europetime-ს.