ევროპა იღებს ზომებს, იმისთვის, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს და სანდო მომწოდებლებზე გადავიდეს, როგორიცაა აშშ, ნორვეგია, აზერბაიჯანი, ალჟირი და სხვები. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსეთიდან სხვა სანდო მომწოდებლებზე გადავიდეთ, როგორიცაა, მაგალითად, შეერთებული შტატები ან ნორვეგია, აზერბაიჯანი, ალჟირი და სხვები. სინამდვილეში, დღეს ნორვეგია ევროკავშირს უფრო მეტ გაზს აწვდის, ვიდრე რუსეთი", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთი არასანდო მიმწოდებელია და აქტიურად მანიპულირებს გაზის ბაზარზე. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათ შეძლეს და მნიშვნელოვნად შეასუსტეს რუსეთის გავლენა ეკონომიკაზე და კონტინენტზე.
- ამ კუთხით გადაიდგა სამი ნაბიჯი: პირველია მოთხოვნის შემცირება, მეორე - რუსული ენერგორესურსების ეტაპობრივი გაუქმება და მესამეა მასიური ინვესტიციები განახლებადი ენერგიის წყაროებში.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული ვითარება გავლენას ახდენს ელექტროენერგიის ბაზარზე. „ჩვენ ახლა ვაწყდებით ელექტროენერგიის ასტრონომიულ ფასებს შინამეურნეობებისა და კომპანიებისთვის. ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ ხუთ სხვადასხვა დაუყოვნებლივ ზომას“.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს ხუთი ღონისძიება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე 9 სექტემბერს განიხილება.