ენტონი ბლინკენი კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია. ბლინკენს თან ახლდა უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი.

საავადმყოფოში სტუმრობისას ბლინკენმა ცნობილ „გამნაღმველ“ ძაღლს, ჯეკ რასელ ტერიერს საკვები აჩუქა და თქვა, რომ „რადგან მან უკვე მიიღო მრავალი მედალი და ჯილდო, მისთვის უფრო გამოსაყენებელი პროდუქტის გადაცემა ამჯობინა".

ჯეკ რასელ ტერიერს 150-მდე საბრძოლო მასალის აღმოჩენას მიაწერენ.

ზელენსკიმ ძაღლს კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას სახელმწიფო ჯილდო „თავდადებული სამსახურისთვის“ გადასცა.

ჩერნიგოვის განაღმვის ჯგუფმა თავის საქმიანობაში სწორედ კანადური ტექნოლოგია გამოიყენა.

US Secretary of State Antony Blinken,holds Patron, a landmine sniffer dog, during his visit to a children's hospital in Kyiv.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ჩავიდა. როგორც ცნობილია, ბლინკენი დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოაცხადებს 2 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დაფინანსების შესახებ უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ არიან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც არ დააკონკრეტა ეს ქვეყნები, განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აცნობებს კონგრესს მისი განზრახვის შესახებ, დაფინანსება ხელმისაწვდომი გახადოს გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის.

ბლინკენის ვიზიტს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა.

ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.