კატარის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები, საქართველოში საინვესტიციო პროექტებით დაინტერესდნენ

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კატარის საინვესტიციო სააგენტოს რეგიონული ანალიზისა და ბიზნესის განვითარების დირექტორს მუბარაქ აბდულაზიზ ალ-ხულაიფის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი. შეხვედრაზე კატარის მხარის წარმომადგენლები გაეცნენ პრეზენტაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, მაკროეკონომიკური ვითარების, ლიბერალური ბიზნეს გარემოს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ნულოვანი განაკვეთით გადის მსოფლიო ბაზრის 1/3 - ზე.

თავის მხრივ, კატარის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი და ინტერესი გამოთქვეს, უკეთ შეისწავლონ ცალკეული საინვესტიციო პროექტები. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველო და კატარი წარმატებით თანამშრომლობენ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და სხვ.