სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა.
NEWS.am რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფაშინიანმა დეტალურად წარმოადგინა სიტუაცია, რომელიც აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად შეიქმნა.
თავის მხრივ, მიშელმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას სხვა ალტერნატივა არ აქვს და გამოთქვა მზადყოფნა, რომ შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ძალისხმევას გამოიჩენს.
13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.