რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არის პასუხი კრემლის აგრესიაზე უკრაინის მიმართ და ახლა დროა, განვაგრძოთ და გავზარდოთ სანქციებით ზეწოლა და არა აგრესორის დაშოშმინება.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომელიც ოთხშაბათს, ევროპარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოვიდა.
„ეს არის კრემლი, რომელმაც რუსეთის ეკონომიკა განადგურების გზაზე დააყენა. ეს არის პუტინისთვის დაკისრებული ფასი იმისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ სანქციები გაგრძელდება. ახლა დროა, ვაჩვენოთ გადამწყვეტი ზომები და არა, ვაწარმოოთ დაშოშმინების პოლიტიკა“, - განაცხადა ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის აგრესიას ყველაზე მკაცრი სანქციებით უპასუხა.
„აეროფლოტის“ თვითმფრინავები ვეღარ დაფრინავენ, რადგან სათადარიგო ნაწილები აღარ არის, რუსი სამხედროები სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ, რადგან მათ ნახევარგამტარების მარაგი ამოეწურათ. რუსეთის ინდუსტრია დაშლილია“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
პლენარულ სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც დაესწრო.