NATO-ს თავდაცვისა და სამხედრო ხელმძღვანელობის მინისტრების შეხვედრაზე ტალინში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ კრემლის მთავარი მიზანია, დაშინების გზით იმპერიული იდეის განხორციელება. ამიტომ, რუსეთი მსოფლიოს ემუქრება შიმშილითა და ბირთვული კატასტროფით და ენერგეტიკულ ომს აწარმოებს.
კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებებით მიიღებს იმას, რასაც ძალით ვერ მიაღწია. „ამიტომ რუსეთს „ერთი დიუმიც“ არ უნდა დავუთმოთ ", - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.
კალასი თვლის, რომ ომის დროს მსოფლიოს მოუწევს ახალ ვითარებასთან ადაპტაცია.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის სფეროში საჭიროა ოთხი პრინციპის დაცვა: „პირველ რიგში, ეს არის უპირობო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მხარდაჭერა აახლოებს მშვიდობას, ამიტომ ევროპამ უნდა დააჩქაროს და გაზარდოს კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება. მეორე: რუსეთს ანგარიში უნდა მოეთხოვოს სამხედრო აგრესიისა და ომის დანაშაულებისთვის. მესამე: რუსეთისთვის აგრესიის ფასი „აუტანელი უნდა გახდეს“, ამისთვის საჭიროა სანქციების გამკაცრება და მისი საერთაშორისო იზოლაციის უზრუნველყოფა. მეოთხე, NATO-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრულად სანდო თავდაცვა“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.