კელი დეგნანი: დროა, ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება

ჩვენ ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ და ვაგრძელებთ ბევრი მიმართულებით მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროში. ამის შესახებ კელი დეგნანმა „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ-ფაქტუმში“ განაცხადა. 

„იქნება ეს თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა თუ სხვა. როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ვხვდები, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ სხვა, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავლისთვის.

კვლავ ვიმეორებ - ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წუთებია. მას აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ეს ისეთი რამეა, რასაც გასულ წელს ვერავინ წარმოიდგენდა, ვერც მთავრობა და ვერც ხალხი. ახლა კი დროა, ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება და ამის ქვეყნის მომავლის პრიორიტეტად ქცევა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.