საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალური აუდიტორობის კანდიდატს, ცოტნე ყავლაშვილს მოუსმინეს. ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა 20 სექტემბერს ეწურება. მისივე განმარტებით, კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კანდიდატს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.
„სახელმწიფო აუდიტი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა. იგი არის საქართველოს პარლამენტის მთავარი ინსტიტუტი რომელიც საჯარო ფინანსების და ხალხის ფულზე კონტროლს უზრუნველყოფს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩვენთვის მთავარი ინსტრუმენტია. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მაღალ დონეზე მუშაობდეს და მისი ხელმძღვანელი იყოს მაღალპროფესიონალი“,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კოვზანაძემ დეპუტატებს კანდიდატის ბიოგრაფია გააცნო.
"სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება და ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა ეს უმნიშვნელოვანესი და წარმატებული ინსტიტუცია გახდეს კიდევ უფრო წარმატებული და ეფექტიანი“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.