თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ ლუბმინთან, ამ კვირაში უნდა დაიწყოს. ამის შესახებ სამშენებლო კომპანია Deutsche ReGas GmbH & Co-მ განაცხადა.
„სამშაბათს, 20 სექტემბერს, დაიწყება პირველი სრულად კერძო დაფინანსებული FSRU1 Deutsche Ostsee თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც დაპროექტებულია Deutsche ReGas–ის მიერ Lubmin–დან“, – ნათქვამია პრესრელიზში.
სამშენებლო სამუშაოები მიზნად ისახავს, ლუბმინის ინდუსტრიული პორტის მოდერნიზებას განსაკუთრებით დიდი გემებისთვის და მის აღმოსავლეთ ნაწილში ნავმისადგომის შექმნას. ლუბმინის მახლობლად დამაგრებული დიდი ტანკერებიდან, თხევადი გაზი პორტს პატარა გემებით მიეწოდება, შემდეგ კი გაზის ქსელში გადანაწილდება.
2022 წლის პირველი დეკემბრიდან, ტერმინალიდან გერმანიის გაზის ქსელი 4,5 კუბური მეტრი თხევადი გაზით უნდა შეივსოს, აცხადებენ კომპანიაში.
ლუბმინი, ერთ-ერთი ადგილია, სადაც თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, რომლითაც რუსული გაზი უნდა ჩანაცვლდეს. ამ დროისთვის, რუსული გაზის მიწოდება შეჩერებულია.
საგულისხმოა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ლუბმინამდეა გადაჭიმული.