პენტაგონი „რეფერენდუმებზე“: მოსკოვი ყურადღების გადატანას ცდილობს იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც რუსი სამხედროები არიან

პენტაგონის შეფასებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი რეფერენდუმი „საინფორმაციო ოპერაციაა“.

პენტაგონმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერების განცხადებები რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ ყურადღების გაფანტვას ემსახურება.

„ეს უბრალოდ საინფორმაციო ოპერაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც ამჟამად იმყოფებიან რუსი სამხედროები“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა სამშაბათს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.

რაიდერმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმი რუსული სახელმძღვანელოს ნაწილია.

რაიდერის თქმით, ყალბ რეფერენდუმებს არ ექნება არანაირი სანდოობა და არ იმოქმედებს აშშ-ის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ.

თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს ტერიტორიებზე, რომლის ანექსიასაც ცდილობს.

„რეფერენდუმები“ სავსე იქნება მანიპულაციებით და რუსეთი, ახლა თუ მომავალში, შეეცდება მათ გამოყენებას ტერიტორიების ანექსიის საბაბად. „რეფერენდუმები“ არ მისცემს რუსეთს უპირატესობას უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის ქვეყნის ქმედება, რომელმაც სამხედრო და დიპლომატიური წარუმატებლობები განიცადა, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.


 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ.

კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.