რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას, რუსეთის ბაზრებზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა. მეორე დღეა ბაზრებზე ინდექსები ეცემა, ბოლოს ასეთი ვითარება თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დროს დაფიქსირდა.
10:43 საათზე მოსკოვის დროით, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 4%-ით, ხოლო РТС-ი 5%-ით ჩამოიშალა.
ამასთან, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებაზე, რეაქცია რუსულ რუბლსაც ჰქონდა. რუსეთის ვალუტამ პოზიციები დათმო და გაუფასურება დაიწყო. $1 ღირებულებამ 62 რუბლი შეადგინა. რუსული რუბლი აშშ დოლართან 1,4 რუბლით გაუფასურდა. კურსმა ვარდნა დაიწყო ევროსთან მიმართებითაც.
მანამდე, 20 სექტემბრის მონაცემებით, მოსკოვის ბირჟის ინდექსი 8%-ით დაეცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში, რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის თარიღი დასახელდა.
დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.