ისრაელის მედია: უკრაინამ დრონების სათვალთვალო სისტემები მიიღო

ისრაელის გამოცემა Zman Yisrael იტყობინება, რომ უკრაინამ, სავარაუდოდ, ისრაელის დრონების სათვალთვალო სისტემები მიიღო.

გამოცემის წყაროს თქმით, ამ სისტემების გაყიდვები პოლონეთის გავლით ხორციელდება, რადგან ისრაელს უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიყიდვა აკრძალული აქვს.

ისრაელი ანტიდრონების სისტემებს ღაზას, ლიბანისა და სირიის უპილოტო საფრენი აპარატების აღმოსაჩენად იყენებს. 

„როგორც ჩანს, მთავრობა თვალს ხუჭავს გაყიდვაზე და გადაწყვეტილი აქვს დაარღვიოს გარიგება მოწინავე თავდაცვის ტექნოლოგიების მიწოდებაზე, რომლის ექსპორტიც კიევში, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ კომპანიებს აუკრძალა“, -წერს ისრაელის მედია. 

გამოცემის თანახმად, ამ სისტემების ექსპორტის კომპანიამ თავდაცვის სამინისტროს განუცხადა, რომ გაყიდვა განხორციელდა პოლონეთში და, როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ ვარშავა შუამავალის ფუნქციას ასრულებდა კიევში იარაღის გადასატანად.  

ისრაელი ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია ანტიდრონის სისტემების დიზაინსა და წარმოებაში. ამ ტექნოლოგიების წარმოებაში მინიმუმ ექვსი კომპანიაა ჩართული, მათ შორის: IAI, Elbit Systems, MCTECH, Avnon Group და Spear-ი.