უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას რეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ.
„რუსეთის ძალები ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხერსონში გაძლიერდა ადმინისტრაციული-პოლიტიკური რეჟიმი. მიმდინარეობს სახლების შემოწმება და ფსიქოლოგიური ზეწოლა ადგილობრივ მოსახლეობაზე“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
ოკუპანტები, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მიზნით, 23-27 სექტემბერს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმების გამართვას გეგმავენ.
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმის“ გამართვის განზრახვის გამო, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.
შეერთებულმა შტატებმა, NATO-მ, ეუთომ და მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსეთის გეგმები უკანონო „რეფერენდუმების“ ჩატარების შესახებ, დაგმეს.