სუს-ი: იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის უძრავი და მოძრავი ქონებები დაყადაღდა

ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებებს ყადაღა დაედო. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ყადაღა დაედო: თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებრე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთს - საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, 4 საცხოვრებელ ბინას და სიღნაღში მდებარე სასტუმროს.

„ყადაღა ასევე დაედო ზემოხსენებულ პირთა მოძრავ ქონებებს. კერძოდ, 13 ავტომანქანას, 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, 3 ერთეულ მოტოტექნიკასა და 15 ცეცხლსასროლ იარაღს. ხსენებული უძრავი და მოძრავი ქონებების რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს.