ირანმა გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს რუსეთს, ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას - პოდოლიაკი

ირანმა გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს რუსეთს და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსლეში დაწერა.

„წლების განმავლობაში სანქციების, იზოლაციის, ამაზრზენი რეპუტაციის შემდეგ - ირანის ელიტამ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, როგორ ამაღლდეს ცივილიზაციის ფსკერიდან. ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას უკრაინელების მკვლელობისთვის თანამედროვე დრონები მისცეს“, - წერს პოდოლიაკი.

პარასკევს უკრაინამ განაცხადა, რომ გაწყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას ირანთან თეირანის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც რუსეთის ჯარს უპილოტო თვითმფრინავები გადასცა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანის ქმედებებს „ბოროტებასთან თანამშრომლობა“ უწოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია ნაწარმოები. 

აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა. 

ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.