უკრაინა: შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლის ზონაში ირანული დრონი პირველად ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია ნაწარმოები. 

„დრონის ფრთის ელემენტების გარეგნობის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავამტკიცოთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატი. ჩვენ ვსაუბრობთ კამიკაძე უპილოტო საფრენ აპარატზე Shahed-136“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში.

აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა. 

ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.