ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდიან. Reuters-ის ცნობით, ინდოეთი ტვირთების მაღალი ტარიფის გამო, რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარს ამბობს.
გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ინდოეთი, რომელიც ადრე იშვიათად ყიდულობდა რუსულ ნავთობს, ჩინეთის შემდეგ სიდიდით მეორე მომხმარებელი გახდა. მას შემდეგ, რაც დასავლეთის ზოგიერთმა კომპანიამ რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტა, ინდოეთში ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა თითქმის ყველა კლასის რუსული ნავთობის შეძენისას, ფასდაკლებით ისარგებლეს. ახლა რუსული ნავთობის ფასი გაიზარდა.
Reuters-ის ცნობით, ინდური კომპანიები სულ უფრო ხშირად ყიდულობენ სხვა კლასის ნავთობს დასავლეთ აფრიკიდან. ამრიგად, ინდოეთმა ტანკერები ამ თვეში 2,35 მილიონი ტონა აფრიკული ნავთობით დატვირთა (აგვისტოში - 1,16 მილიონი ტონა), ხოლო დაახლოებით 2 მილიონი ტონა რუსული ნავთობი (აგვისტოში - 3,55 მილიონი ტონა), შეისყიდა.