ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ირანში, Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ სერვისს გაააქტიურებს. მასკმა ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცახდებას უპასუხა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
მანამდე, ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანელებისთვის ინტერნეტის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის ხელშეწყობისთვის ზომები მიიღო.
მედიის ცნობით, პარასკევს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, ირანელებისთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტ სერვისების გასაფართოებლად სახელმძღვანელო მითითებები გამოქვეყნა. აშშ-მ სანქციების მიუხედვად, ირანში, პატიმრობაში მყოფი 22 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე, ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მასკი, ირანში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების საფუძველზე იმუშავებს. თავად მილიარდერს ამ საკითხზე მედიასთან ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენეთ, რომ ირანში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.