კუბაზე ახალი საოჯახო კოდექსის რეფერენდუმი გაიმართა, რის შედეგადაც ქვეყნის მოქალაქეების თითქმის 67%-მა მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. ამის შესახებ ABC News იტყობინება.
100-გვერდიანი დოკუმენტი მიზნად ისახავს შეცვალოს საოჯახო კოდექსი, რომელიც ქვეყანაში 1975 წლიდან მოქმედებს.
ახალი კოდექსს შემოაქვს ქორწინების განმარტება, როგორც „ორი ადამიანის“ გაერთიანება. გარდა ამისა, დოკუმენტი ჰომოსექსუალ წყვილებს ბავშვების შვილად აყვანის საშუალებას აძლევს და სრულიად აკანონებს სუროგატ დედობას, თუ მას უსასყიდლოდ მიმართავენ.
კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა ახალ კოდექსს „სამართლიანი, აუცილებელი, განახლებული და თანამედროვე კანონი“ უწოდა, „რომელიც უფლებებსა და გარანტიებს ყველას აძლევს“.
„სიყვარული ახლა კანონია“, - თქვა კუბის პრეზიდენტმა.
ახალი საოჯახო კოდექსი რეფერენდუმამდე, გადასინჯვის მიზნით ავტორებს 25-ჯერ დაუბრუნდათ. მისი დებულებების მიხედვით ჩატარდა 80 ათასამდე საქალაქო კრება, განხილვისას 300 ათასამდე წინადადება იყო გათვალისწინებული.