„უნდა ვიცხოვროთ მომავალში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი ძალიან ბევრს, ძალიან ჩქარა მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როცა ჩვენი მოსახლეობა გამოდის ბიჭვინთის საკითხზე, ამას ვხედავთ, როცა რეაქციები იწყება მობილიზაციაზე, ეს ყველაფერი არის ის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განუცხადა.
„სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ეს არის ერთი თაობა. ამ ერთმა თაობამ ყველას გვაჩვენა, ასევე აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობას, რომ არაფრის მომტანი არ იყო ეს წლები. არა აფხაზეთის კულტურისთვის, არა ენისთვის, არა მისი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის და ეს არის ის, რასაც დღეს ალბათ, ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, ამას ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის.
ჩვენ დღეს მზად უნდა ვიყოთ, დავინახოთ და ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო, ახალი პერსპექტივა, ახალი ურთიერთობა იწყება. გლოვა არ ყოფნის, ის აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში არ შეიძლება, რომ ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ მომავალში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი ძალიან ბევრს, ძალიან ჩქარა მოგვიტანს.
ამას ვხედავთ, როცა ჩვენი მოსახლეობა გამოდის ბიჭვინთის საკითხზე, ამას ვხედავთ, როცა რეაქციები იწყება მობილიზაციაზე, ეს ყველაფერი არის ის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.