უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას შეხვდა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„ახლა მნიშვნელოვანია ძალიან ძლიერი სიგნალი საფრანგეთისგან, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერისგან, რუსეთის ფედერაციის მიერ იარაღის მუქარის ფონზე გამართულ ყალბ რეფერენდუმთან დაკავშირებით და ამას რეაქცია მხოლოდ სიტყვებით არ უნდა მოჰყვეს.
ჩვენ ველით მკაფიო სანქციებს, როგორც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში, ასევე ცალკეულ სიგნალებს იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუ რუსეთის ფედერაცია აღიარებს ამ ყალბ რეფერენდუმებს.
NATO-ს ქვეყნებმა უნდა აჩვენონ მთელ მსოფლიოს, რომ ისინი ევროპის კონტინენტზე ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტორები არიან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.