ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკანშენკოს ჩასვლის გამო, ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად დაიბარეს

საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელორუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა.

ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელორუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ბელორუსის ავტორიტარულ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე შეხვდა.