სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და დეპარტამენტის სამოქალაქო პერსონალს, რეკომენდაციას აძლევეს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით გადაკვეთონ. ინფორმაციას, დე ფაქტო თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას უწევს, რომ დეპარტამენტის სამხედროებმა და სამოქალაქო პერსონალმა გადაკვეთონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი საბუთი. სამხედრო მოსამსახურის მოწმობა, სამხედრო პირადობის მოწმობა და სამსახურის ცნობა“, - ნათქვამია დე-ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარალელურად, სამხრეთ ოსეთის ეროვნული არმია შეიარაღებული ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის შესანარჩუნებლად დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს.
გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ამის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან" სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნის შესახებ განაცხადა. კრემლის კონტროლირებადი მედიის ცნობით, ზემო ლარსის საზღვარზე, მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გაწვევის უწყებებს უკვე იღებენ.
21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.