ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში - აფხაზეთში. ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაშია აღნიშნული.
„გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას, ლუკაშენკოს, არა აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე.
ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.
ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.