უკრაინას გადაწყვეტილი აქვს, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომელთა ანექსიას რუსეთი სავარაუდოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების ჩატარების შემდეგ მოახდენს. კიევი სერიოზულად იღებს მოსკოვის მუქარას, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, არაფერი შეიცვლება ბრძოლის ველზე.
„ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიას სამხედრო გზით. ჩვენთვის კი ჩვენი ქმედებები დამოკიდებულია არა იმდენად იმაზე, თუ რას ფიქრობს ან სურს რუსეთის ფედერაციას, არამედ სამხედრო შესაძლებლობებზე, რაც უკრაინას აქვს", - განაცხადა პოდოლიაკმა.
- მან აღნიშნა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკრაინამ დაიბრუნოს მთელი თავისი მიწა, რომელიც რუსეთმა მიიტაცა. პოდოლიაკის თქმით, ეს მიზანი მნიშვნელოვანია არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მისი ევროპელი მეზობლებისთვის.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ჩათვლის, რომ მას აქვს უფლება, დააშანტაჟოს მსოფლიო, გაზარდოს ფსონები, გააძლიეროს კონფლიქტი და დაინახოს საკუთარი თავი გამარჯვებულად, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი აზრით, მთლიანად ევროპაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, უკრაინის ტერიტორიის სრულად გათავისუფლება აუცილებელია.
რუსეთი აცხადებს, რომ ხვალ, 15:00 საათზე, კრემლი ხელს მოაწერს შეთანხმებებს, რომლის თანახმად, უკრაინის ტერიტორიების ანექსიას მოახდენს.
რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.