სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაზე

ექსკლუზივი

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლის საკითხს ეხმაურება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, ვის მისცეს საზღვრის გადაკვეთის უფლება.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, სწორედ მთავრობას იცავს უსაფრთხოებასა და ღიაობას შორის დელიკატურ ბალანსს.

„ეს არის საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ დაუშვას, რადგან ისინი მუშაობენ უსაფრთხოებასა და ღიაობას შორის დელიკატური ბალანსის დამყარებაზე“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


ოფიციალურად, 27 სექტემბრის ინფორმაციით, ბოლო 10 დღის მონაცემებით, კერძოდ, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:

17 სექტემბერს 6986 – 7406
18 სექტემბერს 6606 – 6743
19 სექტემბერს 6411 – 6782
20 სექტემბერს 5603 – 6199
21 სექტემბერს 6402 – 6011
22 სექტემბერს 6150 – 6050
23 სექტემბერს 9307 – 6214
24სექტემბერს 9330 – 6249
25 სექტემბერს 11 143 – 5519
26 სექტემბერს 10 804 – 4947 რუსეთის მოქალაქემ.

ხსენებულ საკითხზე დასმულ შეკითხვას რამდენიმე დღის წინ ონლაინ ბრიფინგზე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა.

„ვაფასებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღოს და რა რაოდენობით.

მაგრამ საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არამხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ მობილიზაციის შედეგად ხდება ძირითადად, ახალგაზრდა კაცების დიდი რაოდენობით შემოსვლა.

თითოეულ ქვეყანას განსხვავებული მიდგომა ექნება იმ მიმართულებით, თუ როგორ უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების სურვილს, გაიქცნენ თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი სადმე, სხვაგან იპოვონ. თითოეულმა ქვეყანამ, გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება მისი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.