კობახიძის თქმით, ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, „ვიზიტს“ აღარ უწოდებს, პოზიცია „შერბილებულია“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვებგვერდზე  განახლებული ინფორმაციის თანახმად, ბელორუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, „ვიზიტს“ აღარ უწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიცია „შერბილებულია“.

მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ბელარუსის მხრიდან არაღიარების პოზიციის შენარჩუნება და თითოეული ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას, როდესაც საუბარია თუნდაც რეაქციაზე.

„შეფასებები გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმაღლეს დონეზე. ჩვენი მხრიდან ე.წ. „ვიზიტს“, ვიზიტად ბუნებრივია, ვერ შევაფასებთ - მის ჩასვლას აფხაზეთში, შეფასდა როგორც ძალიან არამეგობრული და არასწორი ნაბიჯი, ამასთან დაკავშირებით ცალსახაა ჩვენი პოზიცია. ასევე, დაირღვა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს არის ძალიან სამწუხარო და მძიმე ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. მთავარი აქ ჩვენთვის არის ის, რომ უკიდურესი წითელი ხაზი არ გადაიკვეთოს, ბუნებრივია ეს არის დაკავშირებული არაღიარების პოლიტიკასთან.

ბელარუსის სახელმწიფო არ აღიარებს დღემდე აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას, როდესაც საუბარია თუნდაც რეაქციაზე.

დღეს საკმაოდ საინტერესო სათაურით გამოქვეყნდა თავად ლუკაშენკოს გვერდზე მისი ე.წ. ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია, იქ ეწერა, რომ ის იყო ჩასული შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, აფხაზეთში ვიზიტს კი არ უწოდებს.

თავიდან იყო საუბარი აფხაზეთში ვიზიტზე, რაც მისი მხრიდან იყო თუ არ ვცდები ნათქვამი და ამის შემდეგ შერბილებულია უკვე ეს სათაური და საუბარია იმაზე, რომ ჩავიდა არა აფხაზეთში, არამედ შავი ზღვის სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა.

ეს ჟესტია თავისთავად რაღაცის მანიშნებელი, იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.