Politico: უკრაინის NATO-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას ნენსი პელოსიმ მხარი არ დაუჭირა

უკრაინის განცხადება, რომ NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლა სურს, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის NATO-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ.

"დასავლეთი შიშობს, რომ უკრაინის დაუყოვნებლივ შესვლა NATO-ში, რაც მოითხოვს 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობას, აშშ-სა და რუსეთის ომს გამოიწვევს უკრაინაში მოსკოვის შეჭრის და ასევე მისი იძულებითი ანექსიების გამო", - ნათქვამია ინფორმაციაში.


უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.

უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.