დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ პრობლემების აღიარება „ხაზს უსვამს მობილიზაციის დისფუნქციას“.
მისივე თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ მის მიერ მობილიზაციის გამოცხადების პროცესი არ მიმდინარეობს კარგად.
„რუსეთის ადგილობრივ ოფიციალური პირებისთვის, სავარაუდოდ, გაუგებარია კამპანიის ზუსტი მასშტაბები და სამართლებრივი დასაბუთება. გაიწვიეს პერსონალი, რომელიც არ ექვემდებარება „ნაწილობრივ მობილიზაციას“, - წერს ბრიტანული დაზვერვა.
29 სექტემბერს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მობილიზაცია რუსეთში, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან მოსალოდნელია, რომ შრომის ხელმისაწვდომობა შემცირდება განათლებული ადამიანების მასობრივი გამგზავრებით, რომლებიც ცდილობენ, თავი დააღწიონ გაწვევის პროცესს.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა.