ლიეტუვამ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და 5 დღის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
სამინისტროს განმარტებით, ხსენებული ნაბიჯი გადაიდგა „დიპლომატის ქმედებებისა და განცხადებების გამო“, რომელებიც დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამება".
„3 ოქტომბერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ფედერაციის საელჩოს წარმომადგენელი და გადასცეს ნოტა, რომლითაც რუსეთის ფედერაციის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე კატეგორიულად გააპროტესტა რუსეთის პრეზიდენტის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უკრაინის რეგიონების დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს უკანონო ანექსიის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ლიეტუვამ რუსეთთან დიპლომატების რაოდენობა შეამცირა - მთავრობამ გადაწყვიტა, მოსკოვიდან ელჩი გაეწვია და რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება უბრძანა.
„ლიეტუვა სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომელიც განიცდის რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო აგრესიას და ამცირებს რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონეს.
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ყველა ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, არ იქნება დავიწყებული", - აცხადებდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
მას შემდეგ რუსეთს ლიეტუვაში საქმეთა დროებითი რწმუნებული წარმოადგენდა. ლიეტუვამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა.