აშშ-ის კონგრესში შევიდა კანონპროექტი, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს

აშშ-ის კონგრესში შევიდა კანონპროექტი რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. ამის შესახებ კონგრესის უფროსი მრჩეველი პოლ მასარო იტყობინება.

კონგრესი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ქმედებების გენოციდად აღიარებას განიხილავს. მასაროს თქმით, სენატორი ლინდსი გრემი და პალატის წარმომადგენელი ტედ ლიუ ითხოვენ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას.

9 ოქტომბერს, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე მორიგი იერიში მიიტანეს. შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ გამორიცხა, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან საცხოვრებელი კორპუსების გაწმენდითი სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 15 სექტემბერს განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები რუსეთისთვის, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოებისთვის დაწესებული სანქციების მსგავს შეზღუდვებს განიხილავს.