ესტონეთის პარლამენტი რუსეთის „ტერორიზმის სპონსორად“ აღიარებას ითხოვს

დღეს, ესტონეთის პარლამენტის 85-მა წევრმა, საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინა განცხადების პროექტი, რომლის თანახმადაც გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიასა და სურს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადოს. 

ამასთან, დღესვე, ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს განცხადების პროექტს და პლენარულ სესიაზე განსახილველად და კენჭისყრისთვის გადააგზავნის.

ესტონეთის პარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ და აგრესიის დროს მიტაცებული ტერიტორიის უკანონო ანექსიას. პარლამენტი ირწმუნება, რომ ესტონეთი არასოდეს აღიარებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას აგრესიისა და ცრუ რეფერენდუმების შედეგად.

„სიმართლე არასოდეს მიიღწევა ცოდვებით. პუტინის რეჟიმი, რომელიც იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით, მშვიდობისთვის როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში უდიდეს საფრთხედ იქცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის მიხედვით, ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს, რუსეთის ფედერაციისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევის მოთხოვნას და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გამოიჩინონ ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური სანქციების გამოყენებაში.

ამასთან, რუსეთის ფედერაციასა და მის მოკავშირე ბელორუსს დაუწესდეს ახალი სანქციები და განხორციელდეს მკაცრი მონიტორინგი ადრე დაწესებული სანქციების დაცვის მიზნით.

„ესტონეთი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, სახელმწიფოს და სჯერა უკრაინის გამარჯვების, რადგან მხოლოდ ეს აღადგენს მშვიდობას ევროპაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე მსგავსი რეზოლუციები ლიეტუვისა და ლატვიის პარლამენტებმა მიიღეს.