- აშშ-ის გზავნილი მკაფიოა - აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოა
Europetime-თან ექსკლუზიურად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას აფასებს და მკაფიოდ აფიქსირებს, რომ შტატების პოზიცია საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ მიმართებით, მტკიცე და ურყევია.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მცდელობებსა და მიზნებს, მოახდინოს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.
- „ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით მკაფიო რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.
რუსეთის ყალბი „რეფერენდუმები“ და ანექსიის მცდელობები უკრაინაში, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უხეში დარღვევაა. პრინციპების, რომლებიც არსებითად მნიშვნელოვან ღირებულებას და საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ფუნდამენტს წარმოადგენს.
ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობებს და მოსკოვის ზრახვებს, უკანონოდ მიითვისოს უკრაინის ტერიტორიები. ნებისმიერი ასეთი ტერიტორია, უკრაინის შემადგენლობაში და მის განუყოფელ ნაწილებად რჩება“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს, შენგენის ზონაში არ მიიღებენ.
საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
რაც შეეხება უკრაინას, დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც მოსკოვი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს. კრემლმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია.
შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის მხარდასაჭერად არიან გაერთიანებულნი. მათი პასუხი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანია.
საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად აღნიშნავს, რომ ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ეს არის გადამწყვეტი მომენტი როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი მომავლისთვის, რადგან თუ რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, უკრაინაში მიაღწიოს მიზანს, ის თავისი იმპერიული ზრახვების განხორციელებას სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც ეცდება.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.