კონდოლიზა რაისი: "საქართველომ დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს"

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ რთული საერთაშორისო გარემოებებისთვის თავის გასართმევად საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარება შეუძლია.

"როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ რუსეთის მზარდ აგრესიას, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან 12 წლის შემდეგ?", – ამ კითხვით მიმართა „ამერიკის ხმამ“ რაისს „ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“. საპასუხოდ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა შემდეგი განაცხადა:

„საქართველოზე იმას ვიტყვი, რასაც ქართველებს მაშინ ვეუბნებოდი, ისევე როგორც უკრაინელებს და სხვებს, რომ შესაძლოა, საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი ეკონომიკა თქვენ უნდა ააშენოთ. თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი წესები და კანონები ეკონომიკური განვითარებისთვის. საერთაშორისო სისტემას შეუძლია დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით. ქართულ დემოკრატიას საკუთარი აღმასვლა და დაღმასვლები ჰქონდა, მაგრამ ის გადარჩა. ვფიქრობ, ეს კარგია და კარგის ნიშანია“.

რაც შეეხება რუსეთს, კონდოლიზა რაისის თქმით, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, სად უნდა მოხდეს პუტინის შეკავება:

"ის უნდა შეკავდეს. ამის გამო, ვფიქრობ, რომ გერმანიიდან ჯარის [ნაწილის] გაყვანა და უფრო აღმოსავლეთით განთავსება კარგი იდეაა. სიმართლე ისაა, თუნდაც საბჭოთა კავშირის შესაკავებლად მხოლოდ იმაზე არასოდეს ვყოფილვართ დამოკიდებული, თუ რას ამბობს პრეზიდენტი. საბჭოთა კავშირს ამერიკელი ჯარისკაცები აკავებდნენ, რომლებიც საფრთხის წინაშე იდგნენ გერმანიაში. მე მწამს, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია ნატო–ში შეკავებისთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის [საფრთხის] წინაშე არიან".

ამასთან, რაისმა ისაუბრა "რუსი ხალხის მზარდ უკმაყოფილებაზეც, რასაც ხაბაროვსკში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლებიც ადასტურებს". ყოფილი სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთში ბევრი ადამიანია, რომელიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებენ და საჭიროა მათი წახალისება, ვისაც სხვანაირი რუსეთის ხილვა სურს.

ამასთან, ყოფილი სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ შესაძლოა, საჭირო იყოს პუტინის ხელისუფლებიდან წასვლას დაველოდოთ: „იმას მოცემულობად არ მივიღებდი, რომ ის შეიძლება იმდენ ხანს დარჩეს [პრეზიდენტად] რამდენ ხანსაც თვითონ ისურვებდა. ასეთი რეჟიმები უფრო მყიფეა“.

კონდოლიზა რაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეკავა. 2008 წლის 15 აგვისტოს რაისი თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.