„ყველა შემთხვევის სიღრმისეული მოკვლევა მიმდინარეობს“, - აცხადებს ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო 23 პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ინექციის მიღებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალნენ.
სააგენტოს თანახმად, ვაქცინაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ღებინება და ტემპერატურის მატება, „შესაძლოა გამხდარიყო განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფების გარდაცვალების მიზეზი“.
მათი თქმით, კომპანიის მიერ ჩატარებული მასშტაბური პრეტესტირების დროს, პრეპარატი არ იყო გამოცდილი არასტაბილურ, ან სუსტ და 85 წელს გადაცილებულ პაციენტებზე. ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ძირითადად ვაქცინაცია ტარდება მოხუცთა სახლებში, სადაც ბევრ პაციენტს მძიმე მდგომარეობა აქვს.
ნორვეგიაში ვაქცინაცია ამერიკულ-ბელგიური კომპანიის მიერ, Pfizer-BioNTech - ის პრეპარატით მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე ერთი დოზა 33,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა. მედიკამენტების სააგენტოს თქმით, თითოეული ლეტალური შემთხვევის დეტალური გამოკვლევა მიმდინარეობს და ნაადრევია იმის დასკვნა, რომ პაციენტების მდგომარეობის გართულება პრეპარატმა გამოიწვია.
Bloomberg-ის ცნობით, ვაქცინის მწარმოებელი კომპანია და ნორვეგია ერთად სწავლობენ გარდაცვალების შემთხვევებს.
ნორვეგიაში დაფიქსირებულ გარდაცვალების ფაქტზე ასევე დაუსვეს შეკითხვები ამირან გამყრელიძესაც. მისი თქმით, სავსებით გასაგებია, რომ ეს თემა საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს,თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რომ მოვლენებს წინ არ გავუსწროთ: „მე საფუძვლიანად გავეცანი ნორვეგიის მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებულ ლიტერატურას“, - ამბობს გამყრეილძე, მისი თქმით, ჯერ არავის უთქვამს, რომ ეს ადამიანები Pfizer-ის მიერ დამზადებული ვაქცინის მიღების გამო გარდაიცვალნენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, საჭიროა, რომ ექსპერტიზის დასკვნას დაველოდოთ.
Pfizer-BioNTech -ის კლინიკურ ცდებში 43,448 პაციენტი მონაწილეობდა. ცდების დროს არც ერთი მწვავე ალერგიული რეაქცია და/ან გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.
აშშ-ის მასშტაბით Pfizer-ის ვაქცინა 1,893,360-მა ადამიანმა გაიკეთა, რომელთაგან მხოლოდ 21 შემთხვევაში დაფიქსირდა პრეპარატზე რეაქცია, აქედან 71% შემთხვევაში ალერგიული რეაქცია პრეპარატის მიღებიდან 15 წუთში შეინიშნებოდა. მხოლოდ 4 შემთხვევაში გახდა საჭირო პაციენტის ჰოსპიტალიზება, ხოლო მიღებიდან რამდენიმე დღეში ყველა პაციენტი სახლში გაწერეს.
მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი დოზა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ისრაელში გაკეთდა. ქვეყანაში მოსახლეობის მეოთხედს გაუკეთდა ვაქცინის პირველი დოზა. ისრაელის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, პირველი დოზის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ, 60 წელს გადაცილებულ 200 000-კაციან ჯგუფში ინფექციის მაჩვენებელი 33 პროცენტით დაეცა მეორე, არავაქცინირებულ 200 000-კაციან ჯგუფთან შედარებით.