„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ამილახვარი მედიასთან, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა.
პარლამენტის წევრი ამბობს, რომ მოზარდებს მეთვალყურე უნდა ჰყავდეთ, რათა ისინი ისეთ ადგილას არ ჩავიდნენ, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
„ვაკის პარკში, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, შეიძლება, მსგავსი რაღაც ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?!" - თქვა ამილახვარმა.
მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.