„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, - ამ საკითხთან დაკავშირებით დებატების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა.
Ukrinform-ის კორესპონდენტის ცნობით, საპარლამენტო ასამბლეის 100 დეპუტატიდან ,99-მა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, ერთმა კი, თავი შეიკავა.
კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციის პროექტში შესწორებას, რომელშიც ნათქვამია: „გამოცხადდეს რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმად“.
უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 700 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად, ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.
1949 წლიდან დღემდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, PACE, რომელსაც ხშირად ევროპის საბჭოს გამწევ ძალას უწოდებენ, ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი ინიციატივების ავტორია (მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია).
ამ ორგანოსთან შეთანხმება სავალდებულოა ევროპის საბჭოს ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულების ინიცირებისთვის. ის ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებსა და ადამიანის უფლებათა კომისარს, აგრეთვე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მის მოადგილეს და თავად ასამბლეის გენერალურ მდივანს.
კონკრეტული შედეგები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტები -რეკომენდაციები, რეზოლუციები და მოსაზრებები - სახელმძღვანელოს ფუნქციას ასრულებს მინისტრთა კომიტეტისთვის, ეროვნული მთავრობების, პარლამენტებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის.