აუცილებელია, მოხდეს ამ ფაქტის დროული და ეფექტიანი გამოძიება და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ უმძიმეს ტრაგედიაში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულ ბავშვებს, რომლებიც ამჟამადაც იღებენ სამედიცინო დახმარებას.
შემზარავი და თავზარდამცემია, რომ ქალაქში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას და სრულფასოვან განვითარებას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება. წარმოუდგენელია, რომ ბავშვები მსგავსი ტრაგედიის მსხვერპლნი ხდებიან.
აუცილებელია, მოხდეს ამ ფაქტის დროული და ეფექტიანი გამოძიება და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ უმძიმეს ტრაგედიაში. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ მძიმე დროს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდეს მკაფიო განცხადებები, გაეცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და გაზიარებული იყოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა ლომჯარიამ.
13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.