ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები იკითხებიან. ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.
როგორც ცნობილია, გამოკითხვაზე ასევე იმყოფებიან კომპანიის სხვა თანამშრომლები.
ამასთან, გრძელდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის გამოკითხვა.
13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.