სომხეთის ეროვნულმა უშიშროების სამსახურმა, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმების მიზნით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მედიამ, რუსეთის ФСБ-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების დროს გამოყენებული ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამალული სატვირთო მანქანაში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე მართავდა.
მედიის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე საერთაშორისო ტერორიზმისადმი დახმარების სავარაუდო ფაქტზე აღიძრა. საქმის წარმოების ფარგლებში ჩატარდება დაკითხვები და სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
12 ოქტომბერს, რუსეთის ФСБ -მ ყირიმის ხიდზე აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტანილი 8 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, მათ შორისაა სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჯანიანი.
რუსეთის ფედერაციის ცნობით, აფეთქება უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა მოაწყო, რუსეთის ხუთი, უკრაინის ორი და სომხეთის ერთი მოქალაქის დახმარებით. ყველა მათგანი დაკავებულია.
ФСБ-ს ცნობითვე, სატვირთო მანქანა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტერიტორიიდან შევიდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე დარახველიძემ რუსეთის ბრალდებები, რომ გასულ კვირას ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ, უარყო.
8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.