კახა კალაძე: თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადა, რომ თუ აქვს რაიმე დანაშაული, მზადაა, კანონის წინაშე პასუხი აგოს.

კალაძემ, ვაკის პარკში ტრაგედიისას დაზარალებული მოზარდი მოინახულა.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. კარგად წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ეს ყველასთვის.

გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან.


13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.