სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დკავშირებით, სამძიმრის წერილს ავრცელებს:
- მარიამ (მარიტა) მეფარიშვილის მშობლებსა და ახლობლებს
ბატონო დავით, ქალბატონო ანა,
დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო.
- აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, - სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა.
ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის.
- ღმერთი იყოს თქვენი შემწე.
13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
- გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.