ნინო ლომჯარია: მარიტას წინაშე დამნაშავეა, არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები, არამედ უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა

მარიტას წინაშე დამნაშავე არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები, ან ზედამხედველები შეიძლება იყვნენ, არამედ დამნაშავე არის უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა - თავისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით, თვითმმართველობით! - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც გუშინ, ვაკის პარკში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

„2017 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო 11 ადამიანი დაიღუპა...

- 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში 9 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა სამშენებლო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო...

ყოველივე ამის შემდგომ, 2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რითიც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობები შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად !

ჩვენ ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში სასწრაფოდ გავასაჩივრეთ, რათა სასამართლოს მისი მოქმედება დაუყოვნებლივ შეეჩერებინა, ვინაიდან საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მაგრამ სასამართლოს ამ საკითხზე არც კი უმსჯელია, ხოლო აჭარის მთავრობის მეთაურმა ჩვეულ სტილში "მოგვიხსენია".

რატომ დავწერე ეს. იმიტომ დავწერე, რომ მარიტას წინაშე დამნაშავე არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები ან ზედამხედველები შეიძლება იყვნენ, არამედ დამნაშავე არის უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა - თავისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით, თვითმმართველობით! სისტემა, რომელიც ათობით ადამიანის, მათ შორის, ბავშვების დაღუპვის შემდეგაც კი ბედავს უსაფრთხოების წესების გარეშე მშენებლობა დააკანონოს, წარდგენილი საჩივარი არ განიხილოს, თანამდებობის პირებმა აქეთ ითავხედონ.

დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა პოლიტიკოსების მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ სამძიმრით, ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს!

არაპროფესიონალიზმი და უკონტროლო ძალაუფლება, ანგარიშვალდებულების არარსებობა ღუპავს მისი პირდაპირი და ირიბი გაგებით, ღუპავს ადამიანებს და ღუპავს ამ სისტემის მონაწილეებს“, - წერს ნინო ლომჯარია.

 


13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.