„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაკის პარკის შადრევანი არამხოლოდ ქართველებს, უცხოელ სპეციალისტსაც შემოწმებული ჰქონდა.
მისივე თქმით, მას გამოკითხვაზე ალბათ, ისევ დაიბარებენ.
„ჩვენ ყველა სამუშაო წესების დაცვით გვქონდა გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რა მოთხოვნაც არის საქართველოს კანონმდებლობაში და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაობის მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა, იმ დღესაც გითხარით, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს არამარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც და ასევე შემოწმებული აქვთ ექსპერტებსაც. ამის შემდეგ შეამოწმებს ექსპერტიზა“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.
„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი მანამდე თითქმის 24 საათის განმავლობაში იკითხებოდა.
13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
- გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.