ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ ბავშვს ბინაზე სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„საბედნიეროდ, ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღევანდელი მისი მაჩვენებლებით აღარ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიაში ყოფნას. გარკვეული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ გაშვებას ბინაზე, ამბულატორიულად მკურნალობის გასაგრძელებლად. ამას დღეს ვგეგმავთ“, - განაცხადა ციბაძემ „მთავარ არხთან“.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს.
13 წლის გოგო გარდაიცვალა.
- გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.